ძვირფასო კოლეგებო,
2022 წლის 12-16 სექტემბერს, ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის „ლანდშაფტური ანალიზის და ლანდშაფტური დაგეგმარების“ კომისიასთან, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციასთან კოორდინაციაში, გაიმართება
მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - კარტო/გის - დაგეგმარება - მართვა“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი, გეოგრაფის, კარტოგრაფის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის, აერიკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელი სამეცნიერო, კვლევითი ლაბორატორიისა და მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის, ლანდშაფტური ანალიზის კომისიის დამაარსებლისა და მისი პირველი თავმჯდომარის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან (1947-2006)75 წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობისა და იდეების, გეოგრაფიის თეორიისა და პრაქტიკის ინოვაციური ტენდენციების განვითარება, ასევე ქართველ და საერთაშორისო მეცნიერთა შორის კავშირების გამყარება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებისა და თემების სპექტრი მოიცავს მეცნიერების შემდეგ დარგებს:
ფიზიკური გეოგრაფია და ლანდშაფტმცოდნეობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, რეგიონული გეოგრაფია, კარტოგრაფია, გეოინფორმატიკა და გის ანალიზი, წყლის რესურსების მართვა, რეკრეაციულ-ტურისტული რესურსები და სანატორიულ-საკურორტო მეურნეობა, კლიმატის ცვლილება, მიწის კადასტრი, დისტანციური ზონდირება, ლანდშაფტების დინამიკა, აგროეკოლოგია, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ლანდშაფტის პერცეფცია და ვიზუალიზაცია, ბუნებრივ მოვლენათა რისკების მართვა, ნიადაგმცოდნეობა, სამხედრო გეოგრაფია, სასკოლო გეოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია, ლანდშაფტების კარტოგრაფირება, ლანდშაფტის არქიტექტურა, სამედიცინო გეოგრაფია, თეორიული კარტოგრაფია, დემოგრაფია, ურბანული სისტემების კარტოგრაფირება, გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მართვა, გეოპოლიტიკა და ლანდშაფტი, მდგრადი განვითარების ძირითადი მიზნები და ა.შ.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ქართული და რუსული.
კონფერენცია შედგება პლენარული სესიებისგან, სექციებისა და „მრგვალი მაგიდის-გან”. ღონისძიების ფორმატი ასევე მოიცავს დისკუსიას და კითხვა-პასუხს.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით.
გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე“მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - კარტო/გის - დაგეგმარება - მართვა”